ჩაი N101 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოშიც გამოჩნდება

სექტემბრიდან შპს ”გევაგო 15” - ის პროდუქცია ბათუმში, ქობულეთში, ურეკში გაიყიდება. ჩაის შეტანა ასევე, კახეთშიც იგეგმება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გოგიშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ”ჩაი N101” ძირითადად, თბილისის სუპერმარკეტებში, ქუთაისსა და რუსთავში იყიდება.

”ჩაი N101”-ის 8 ჰექტარი პლანტაციები მდებარეობს გურიის მთიან სოფელ ასკანაში, სადაც ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ბიოლოგიურად სუფთა დუყის ჩაის. 6 ჰექტარზე განთავსებულია ინდო-ჩინური ჩაი, ხოლო 2 ჰექტარზე - ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი ჯიში, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.

"ჩაი N101" ამზადებს დუყის წვერის ჩაის, რომელშიც თეთრი ტიფსები არის გარეული. ჩაი N101 მომხმარებელს ასევე მოცვის ჩაის სთავაზობს, რომელიც გაზაფხულზე იკრიფება ბახმაროს მთებში, არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით”, - აცხადებენ კომპანიაში.

გიორგი გოგიშვილმა 2007 წლიდან დაიწყო ჩაის პლანტაციების მოსახლეობისგან შეძენა.

”ზოგს ათასი კვადრატული ჰქონდა, ზოგს ნახევარი ჰექტარი, ასე შევიძინე და წარმოება დავიწყე”, - აღნიშნავს გიორგი გოგიშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, სექტემბრიდან ”ჩაი N101” მომხმარებელს ნატურალურ, საღებავების გარეშე დაფასოებულ ერთჯერად ჩაისაც შესთავაზებს.