"ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია "საქსტატის" ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მოყვანილი"

პირდაპირ ეთერში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია ”საქსტატის” ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მოყვანილი.

როგორც თეა ბოლქვაძემ აღნიშნა, 3 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში, სადაც მინისტრმა მოიყვანა ”საქსტატის” ინფორმაციაზე დაყრდნობით მონაცემები, რომელიც შეეხებოდა ეკონომიკურ ზრდას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, დასაქმებას.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის დასადასტურებლად მივმართეთ "საქსტატს", შესაბამისად წარმოგიდგენთ პასუხს“, - განაცხადა თეა ბოლქვაძემ და განმარტა, რომ ”საქსტატიდან” მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია ”საქსტატის” ოფიციალურ მონაცემებთან.

თეა ბოლქვაძემ ჟურნალისტებს ”საქსტატის” წერილიც აჩვენა, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა. „წერილთან დაკავშირებით გიგზავნით პრეზენტაციაში მოყვანილი მონაცემების შეფასებას ”საქსტატის” კომპეტენციის ფარგლებში: მონაცემები ეკონომიკური ზრდის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, დასაქმებისა და ხელფასების, უთანაბრობის (ჯინის კოეფიციენტი), სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპებისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის შესახებ სრულად დაფუძნებულია „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებზე”, - ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარუდგინეს.

იხილეთ დოკუმენტი