Volvo მილიონი ელექტროფიცირებული ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

შვედურმა კომპანიამ Volvo საკუთარ თავს დაუსახა ამბიციური მიზანი 2025 წლისთვის მილიონი ელექტროფიცირებული ავტომობილი გაყიდოს, მათ შორის მოიაზრება მხოლოდ ელექტრო და ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები.

„ეს არის გაცნობიერებული მიზანი“, - განაცხადა კომპანიის მმართველმა ჰაკან სამუელსონმა, რომლის თქმითაც ამის მიღწევა რთული იქნება, თუმცა Volvo-ს სურვილი და მიზანია, იყოს მოწინავე პოზიციებზე ელექტროფიკაციის გზაზე.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ელექტრომობილების წარმოებისთვის კომპანია ბოლო ხუთი წელია აქტიურად ემზადება და ამისთვის ორ პლატფორმაზე მუშაობა დაასრულა, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრო და ჰიბრიდული ტექნოლოგია. ერთი მათგანი დიდი ზომის ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მეორე - მცირე ზომის. Scalable Product Architecture (SPA) პლატფორმას გამოიყენებენ მოდელებისთვის 90 და 60, ხოლო Compact Modular Architecture (CMA) 40 სერიის მოდელებს მოერგება.

ცნობისათვის, გასულ წელს Volvo-მ გამოაცხადა, რომ 2019 წლისთვის აპირებდა სრულიად ახალი, ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილის წარმოებას, რომელიც კონკურენციას გაუწევდა Tesla-ს და რომელიც ერთჯერადად სრულად დამუხტვის შემთხვევაში, 520 კმ-ის გავლას შეძლებდა. სხვა დეტალები, მათ შორის ფასი, ამ დროისთვის არ გახმაურებულა.

კოკა კვირკველია