რუსეთი "კლანურ-ნათესავური" ბიზნესის რეიტინგში ლიდერია

ბრიტანულმა გამოცემამ The Economist ე.წ. "ბლატნოი კაპიტალიზმის" მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესის წარმატება პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების წამრომადგენლებთან პირად ნაცნობობასთან.გამოცემამ საკუთარი რეიტინგი ჟურნალ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით შეადგინა და გაითვალსიწინა ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა შემოსავლის წყარო.

ჟურნალის ცნობით, ყველაზე ხშირად "კლანურ-ნათესავური" ბიზნესი შეინიშნება სათამაშო, ნავთობისა და გაზის, იარაღის, საბანკო, უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის ბიზნესში. გამოცემის ანალიტიკოსები აფასებენ, მილიარდერების შემოსავლების რომელი ნაწილი არის მიღებული არაკეთილსინდისიერი გზით და რომელი არა. ამის შემდეგ გამოცემა აჯგუფებს მონაცემებს ქვეყნების მიხედვით და ადარებს ბიზნესმენების შემოსავლების წილს ქვეყნის მშპ-ს.

"კლანურ-ნათესავური" კაპიტალიზმის რეიტინგში რუსეთი აბსოლუტური ლიდერია. კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსი მილიარდერების შემოსავლების წილმა ქვეყნის მშპ-ში 21,5 % შეადგინა და აქედან 18% სწორედ რომ ე.წ. „ბლატნოი ბიზნესზე“ მოდის.

რეიტინგის მეორე ადგილზეა მალაიზია, მესამეზე - ფილიპინები. "ბლატნოების" ხუთეულში მოხვდნენ სინგაპური და უკრაინაც. რაც შეეხება ათეულის სხვა წევრ ქვეყნებს, აქ არიან მექსიკა, ინდონეზია, თურქეთი, ინდოეთი და ტაივანი. ჩინეთი მხოლოდ მე-11, ამერიკა მე-16, საფრანგეთი მე-18, ხოლო რეიტინგს 22-ე ადგილზე ასრულებს გერმანია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2004-2014 წლებში ამ ტიპის ბიზნესმენების საერთო შემოსავალი 385%-ით გაიზარდა და ჯამში 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია