დავით ნარმანია - კარგად მახსოვს, 180-მდე ხის მოჭრაზე იყო საუბარი "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით

თბილისის მერი დავით ნარმანია „პანორამა თბილისზე“ პასუხისმგებლობას პროექტის ავტორებთან ერთად იღებს.

ამის შესახებ დავით ნარმანიამ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, სადაც „პანორამა თბილისის“ პროექტზე სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ისაუბრა.

„რასაკვირველია, მეც ავიღე ამ პროექტზე პასუხისმგებლობა. ვხელმძღვანელობ იმ უწყებას, რომელმაც ერთ-ერთი თანხმობა გასცა ამ პროექტთან დაკავშირებით. ჯამში კარგად მახსოვს 180-მდე ხის მოჭრაზე იყო საუბარი „პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით, მაში როცა ინვესტორმა ამავდროულად ვალდებულება აიღო, ათეულობით ათასი ხის დარგვასთან დაკავშირებით. მიმდებარე ტერიტორიაზე იმ სეზონზევე დაიწყეს დარგვის პროცესი. შესაბამისად, ეს პროექტი ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც პროექტი არ წარმოადგენს პრობლემას გეგმარებითი თვალსაზრისით. ეს არის შეფენილი პროექტი, ქედის იქით მხარეს არის ძირითადი ნაწილი. ქალაქის ვიზუალთან და მის ასე ვთქვათ, დამახინჯებასთან დაკავშირებით, როგორც ამაზე არაერთი ადამიანი აკეთებს აქცენტს, ასეთ რამესთან ადგილი არ გვექნება“, - აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, რატომ უნდა ვთქვათ უარი დედაქალაქში 500 მლნ დოლარამდე ინვესტიციაზე, მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ არიან დაუსაქმებელი ადამიანები და ეკონომიკას მეტი სტიმული მიეცემა. ნარმანია აცხადებს, რომ ამ პროექტის სოციალური ეფექტი და გავლენაც მაღალია.

„მსოფლიოს მაგალითებიც რომ ვნახოთ, ან სხვა ქალაქების მერებს ვკითხოთ, რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების?“ - განაცხადა ნარმანიამ.