დავით ნარმანია - ბიძინა ივანიშვილს 20 მლნ ლარზე მეტი აქვს დახარჯული ბოტანიკურ ბაღზე

საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად კანონის დაცვით მოხდა ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარი მიწის ადგილმონაცვლეობა.

ნარმანიამ ეთერში რუკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.

„20 მლნ ლარზე მეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს დახარჯული იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო იმ სახით, რა სახითაც დღეს არის. ბოტანიკური ბაღისთვის გადაცემული 4 ჰექტარი ტერიტორია გამწვანებულია და საცდელი და კვლევითი მიზნით სხვადასხვა ხეხილია იქ დარგული. სანაცვლოდ ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კი კლდოვანი და მეჩხერია“,- განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, კომპანია „ფინსერვის“ კი საკუთრებაში უკვე ჰქონდა 10 ჰექტარი მიწის ფართობი და მის მომიჯნავედ ტერიტორიის გადაცემა მოხდა, რაც „ფინსერვისს“ აწყობდა.