Twitter-მა ამერიკის სპეცსამსახურებს ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა

კომპანიამ Twitter.Inc ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებისათვის სოციალურ ქსელ Twitter-ში კერძო პირების ინფორმაციაზე წვდომა დახურა.ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსგავს მომსახურებას შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს უწევდა კომპანია Dataminr, რომლის აქციების 5%-ს ფლობს Twitter.Inc.

გამოცემის ინფორმაცით, Dataminr ბოლო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ამერიკულ დაზვერვასთან და ნოემბრის თვეში გააფრთხილა ისინი დაგეგმილი ტერაქტების თაობაზე, რომლებიც მოგვიანებით პარიზში მოხდა. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ბარსელონაში მარტში განხორციელებული ტერორისტული აქტების შესახებ.

საკუთარ განცხადებაში Twitter.Inc ხაზს უსვამს, რომ „მისი მონაცემები გარკვეული დოზით ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და ამერიკის მთავრობას შეუძლია ათვალიეროს პუბლიკაციები, როგორც ნებისმიერ სხვა მომხმარებელს“.

შეგახსნებთ, რამდენიმე ხნის წინ მსგავსი სიტუაცია შეიქმნა კომპანია Apple-შიც. როგორც მაშინ აცხადებდნენ, კომპანია ამერიკის ხელისფლებას 70 iPhone-ის „გატეხვაში“ დაეხმარა. ამის შემდეგ კომპანიის გვერდის ავლით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სან-ბერნანდინოს ტერორისტულ აქტში მონაწილე პირის iPhone-ში შეაღწიეს, რის შემდეგაც კომპანიამ საკუთარი მოწყობილობების უსაფრთხოების სისტემა გააძლიერა.

კოკა კვირკველია