სესხი პიზის კოშკის გასასწორებლად

PalitraNews-ის გადაცემა "ბიზნესპერსონას" სტუმარი "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე იყო, რომელმაც საკუთარ ბიზნესგამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოც შეაფასა.

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ის შემთხვევებიც გაიხსენა, როცა პოტენციური კლიენტები ახალგახსნილ ბანკს საკმაოდ უცნაური მიზნებისთვის სესხის გამოყოფის თაობაზე მიმართავდნენ.

ბადრი ჯაფარიძე: "ბევრი კურიოზი ხდებოდა იმ დროს, რადგან ადამიანებს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ ბანკთან ურთიერთობის. ბანკი ჩვენც ახალი შექმნილი გვქონდა და არც ჩვენ ვიყავით იმ დროს დიდად გამოცდილი ბანკირები. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა მოვიდა პოტენციური მსესხებელი და გაგვაცნო თავისი იდეა, რომ უნდოდა გაესწორებინა პიზის კოშკი და ამისთვის სჭირდებოდა თანხა. რა თქმა უნდა, თავიდან ეს იუმორით მივიღეთ, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა დაგვერწმუნებინა ეს ადამიანი იმაში, რომ არავის სჭირდებოდა პიზის კოშკის გასწორება და კოშკი სწორედ ისე უნდა იყოს, როგორც არის. შემდეგ ერთმა ჩემმა მეგობარმა ბიზნესმენმა მითხრა - ეს იგივეა, ვენეციაში არხების ამოშრობა რომ შევთავაზოთო. რა თქმა უნდა, პიზის კოშკის გასწორების იდეის ავტორი ჩვენგან ნაწყენი წავიდა, რადგან მიაჩნდა, რომ რევოლუციური იდეა ჰქონდა და ჩვენ მისი ეს იდეა არ გავიზიარეთ".