ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები

IDFI წლების განმავლობაში წერდა ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ. კვლევაში წარმოგიდგენთ გასული წლების განმავლობაში IDFI-ის მიერ გაანალიზებულ შემთხვევებს ოფშორული კომპანიების შესახებ და ასევე ოფშორული ზონებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის ანალიზს.

აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი კონფიდენციალური დოკუმენტების ბაზა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ასზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის თორმეტი ამჟამად მოქმედი მსოფლიო ლიდერი და მათი ოჯახები, იყენებდნენ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.

„პანამის დოკუმენტები“ შეიცავს ოფშორში რეგისტრირებული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას (Mossack Fonseca)-ს მილიონობით დოკუმენტს, რაც ანონიმური წყაროებით აღმოჩნდა გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ხელში. ამ უკანასკნელმა დოკუმენტები გაუზიარა „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს“ (ICIJ), საიდანაც ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

„პანამის დოკუმენტების“ გასაჯაროება არის მსგავსი მონაცემების გამოქვეყნების მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა. დოკუმენტების რაოდენობით იგი გაცილებით აჭარბებს როგორც ვიკილიქსის მიერ 2010 წელს გასაჯაროებულ მონაცემებს, ისე ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებულ მასალებს. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შედეგად გადადგა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი და ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი, შვეიცარიის და სხვა ევროპული ქვეყნების სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო 2016 წლის 14 აპრილს ევროპარლამენტის პრეზიდიუმის კონფერენციაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება პანამის დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გამოჩნდა, ოფშორულ ზონებში კაპიტალის მქონე პირებს შორის არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“. აღნიშნული კომპანიის მფლობელობა ბიძინა ივანიშვილს არც 2012 წელს და არც 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის მიღებისა და ასევე მითვისება-გაფლანგვის მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული, გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, მან 2008 წელს მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ სამი კომპანია გახსნა ოფშორულ ზონაში.

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოშიც დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან.

მიუხედავად ამისა, ასეთი კომპანიების საქმიანობა ცალსახა რისკებს შეიცავს: როგორც ირკვევა, საქართველოში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ქონების, მათ შორის სახელმწიფო ქონებისა და სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების (მაგ. ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება) მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული და მათზე ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

ცნობილია შემთხვევები, როდესაც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით საზოგადოებისთვის უცნობი ფინანსური ჯგუფები ან პირები ფლობდნენ და ფლობენ მედია საშუალებებსაც. მაგალითად, 2011 წელს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ოფშორულ ზონაში იყვნენ რეგისტრირებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და ტელეკომპანია “მზის” მფლობელები . ასევე დღემდე ოფშორშია რეგისტრირებული შპს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ ტაბულას 51% წილის მფლობელი კომპანია UCG Green Power-ი, რომელიც თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებულ Rylf Management-ს ეკუთვნის. მედია საშუალებების (მაუწყებლები, ონლაინ და ბეჭდური გამოცემები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა) განკარგვა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით კი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია, რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის, ისევე როგორც მედიის პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლების კონტექსტშიც. ოფშორებთან დაკავშირებით რისკების მიმოხილვისას შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

განაგრძეთ კითხვა