”ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, დღეისთვის დაანონსებული გაფიცვა მუშათა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ჩაიშალა

”ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, იმერეთის მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული გაერთიენების მიერ, 9 მაისისთვის დაანონსებული გაფიცვა, მუშათა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ჩაიშალა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა, რამდენიმე დღით ადრე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი პროფესიული გაერთიანების - “იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი” (აერთიანებს 400-მდე წევრს, ხოლო მეორე პროფესიულ კავშირში „სამთოელი“ გაწევრიანებულია 1400-მდე თანამშრომელი) საგაფიცვო მოთხოვნათა რვაპუნქტიანი დოკუმენტი მიიღო.

“ჯორჯიან მანგანეზი”-ს ხელმძღვანელობისთვის სიახლეს წარმოადგენს მოთხოვნათა ორი პუნქტი, კერძოდ: 7.* გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება (შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება).

გაუქმდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის 18.04.2016 წლის N286ფ-ბრძანება, ამავე საწარმოს მეტალურგიის სამსახურის ინჟინერის და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავჯდომარის კახა მაჩიტიძის დისციპლინარული წესით დასჯასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც გოჩა კვანტრიშვილის შემთხვევაში, მოვლენათა ასეთი განვითარება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის საწარმოში არსებული რამდენიმე პროფკავშირიდან ერთ-ერთის ლიდერების თუ წევრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების მოთხოვნა და ხელშეუხებლობის გარანტიების მიღების და არა საწარმოს მთელი კოლექტივის წინაშე მდგარი რაიმე არსებითი პრობლემის გადაჭრის მცდელობა. მოგეხსენებათ კომპანია “ჯორჯინ მანგანეზი” მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან, სადაც ზემოთაღნიშნული მოთხოვნათა 8-პუნქტიდან ექვსი მოლაპარაკების და განხილვის საკითს წარმოადგენს. მოლაპარაკების პროცესი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მედიაციით მიმდინარეობს”, - აცხადებენ კომპანიაში.

„ჯორჯიან მანგანეზი“-ს გენერალური დირექტორის, ვოლოდიმირ ლოზინსკის განცხადებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოში გავრცელებული ინფორმაცია, საწარმოს სპეციალურ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში.

”მოხარულები ვართ, რომ დასაქმებულთა შორის საღმა აზრმა გაიმარჯვა და არ მოხდა სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა”, - აცხადებს ლოზინსკი.