დანიელ მიტოვი - ბულგარეთი ფინანსურ წვლილს შეიტანს საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის აღსრულებაში

ბულგარეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური წვლილი შეიტანოს „ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2016-2019წწ.“ აღსრულებაში , - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მრავალმხრივია სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხში.

„ვიმედოვნებ, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელება გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას, რათა მან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობა გააძლიეროს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ტენდენცია შენარჩუნდება, განსაკუთრებით მომავალი არჩევნების ფონზე“, - განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე ბულგარელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში სასამართლო რეფორმების აუცილებლობას.

„სასამართლო რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველაფერი სწორედ კანონის უზენაესობის განხორციელებით იწყება. ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უპირველესი პირობაა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისთვის. ამისთვისაც აუცილებელია კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.