აგროინჟინერი, ფერმერი და ლექტორი

26 წლის ბათუმელი თომა ხალვაში პროფესიით აგროინჟინერია. მისი ყოველი დღე დილის 6 საათზე, სახლიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფერმერულ მეურნეობაში იწყება და ძირითადად, გვიან ღამემდე გრძელდება.

ამბობს, რომ ეს რთული და ხშირად მომქანცველი საქმიანობა მისთვის ერთგვარი თერაპიაა და მიწასთან მუშაობა სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება.

ბათუმის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სწავლა უცხოეთში გააგრძელა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები საზღვარგარეთ, მათ შორის ჩინეთში გაიარა. წელიწადნახევარია, რაც უშუალოდ ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთო და თავის წარმატების საიდუმლოს შედეგზე ორიენტირებული შრომითა და ახალი ინფორმაციების ძებნის მუდმივი პროცესით ხსნის.

თომა ხალვაში დღეს ქობულეთში მდებარე 35 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობას ფლობს, რომელზეც მრავალწლიანი კულტურები, სადემონსტრაციო ბაღები, ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგები, სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, სალათის ფურცლები, მწვანილი, მარწყვი, ჟოლო და ლურჯი მოცვია გაშენებული. ადგილზე 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და სფეროში ახალგაზრდების ჩართვას ანაზღაურებადი სტაჟირებებითა და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით ცდილობს.

ახალგაზრდა ფერმერი პარალელურად შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის აგრარულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ატარებს ტრენინგებს და ყოველდღიურად ორმოცდაათამდე ადამიანს აგრარულ საქმიანობასთან დაკავშირებულ უსასყიდლო რეკომენდაციებს აძლევს ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა თუ ტელეფონის საშუალებით.

წარმოებულ პროდუქციას 26 წლის ფერმერი ადგილობრივ ბაზრარზე უწევს რეალიზაციას. თომა ხალვაშს ხელშეკრულებები ბათუმში მდებარე მსხვილ ორგანიზაციებთან, მათ შორის ბრენდულ სასტუმროებთან აქვს გაფორმებული. ორიენტაციას მეურნეობის გაფართოებასა და წინსვლაზე იღებს. ცდილობს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები და მუშაობის სტილი სხვებსაც გაუზიაროს.

,,ასაკთან ერთად მემატება ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება და მინდა, ეს ცოდნა სხვებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს სიამოვნებით ვაწვდი მათთვის საჭირო ინფორმაციებს“, -აღნიშნავს ფერმერი, რომელიც თვლის, რომ აგრარული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგი და საინტერესო მიმართულებაა.

,,ევროპასთან ასოცირების პროცესმა ნათელი გახადა აგრარული სექტორის მიმდინარეობა. ფაქტია, რომ ჩვენ აღარ გვაქვს რეალიზაციის პრობლემა. მთავარია, სფეროში ჩართულმა ადამიანებმა ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და ბაზარი ამ კუთხით აბსოლუტურად ღიაა. მოთხოვნა ნამდვილად არის. მნიშვნელოვანია, რომ აგრარულ სექტორში შრომა შედეგზე ორიენტირებული იყოს. ეს აუცილებელია, საბოლოო, დასრულებნული სახის მისაღებად. რაც მთავარია, ამ სფეროში შრომა ნაყოფიერია. სწორედ ამიტომ, დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრის დონეზე ანაზღაურებადი ფერმერი ვარ“, - ამბობს თომა ხალვაში.

ახალგაზრდა ფერმერი სფეროში არსებულ რამდენიმე პრობლემას ასახელებს. პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მიწის რეგულაციის არარსებობის საკითხს უსვამს ხაზს. ასევე სახელმწიფოს მხრიდან რიგ შემთხვევაში, გრანტების გაცემის თვალსაზრისით ნეპოტისტურ დამოკიდებულებას გამოყოფს. აღნიშნავს, რომ დარგის განვითარებისთვის მეტი მუშაობა და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. 26 წლის ფერმერი აგრარულ სექტორში ახალგაზრდების ნაკლებ ჩართულობასა თუ განათლების სიმცირეზეც საუბრობს. ფიქრობს, რომ შრომით ბაზარს ამ მიმართულებით განსაკუთრებით უჭირს და საკუთარ როლსაც აგრონომის პროფესიის, ფერმერული საქმიანობის პოპულარიზაციაში ხედავს.

ქრისტინე გამთენაძე