ქართველმა მოსწავლეებმა უსინათლოებისთვის ინოვაციური ჯოხი შექმნეს

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ცოტნე შოთაძემ და ბესიკ შარაშიძემ ინოვაციური ჯოხი შექმნეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ცოტნე შოთაძემ განუცხადა, ჯოხი უსინათლოებისთვის მგზავრობის დროს დამხმარე საშუალებას წარმოადგენს და მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, გზაზე დაბრკოლებები წინასწარ განსაზღვროს. ჯოხის მფლობელს ასევე შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან გაგზავნოს საკუთარი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია სასურველ მისამართზე და მოიხმოს ვინმე დასახმარებლად.

”ჩვენ გამოვიგონეთ ჯოხი უსინათლოებისთვის, ჩვენს ჯოხს აქვს უნიკალური თვისებები. პირველი ეს არის გადაადგილების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ჯოხს აქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც აღიქვამენ დაბრკოლებებს, რომელთა აღქმა 2 მეტრის მანძილიდან იწყება. ჯოხი გამოსცემს ხმოვან და ვიბრო სიგნალებს. გარდა ამისა, ჯოხში დამონტაჟებული გვაქვს GPS კოორდინატების გადამცემი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს GSM ტექნოლოგიაზე.

მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია კოორდინატების გაგზავნა წინასწარ დარეგისტრირებულ ნომერზე. ჯოხზე დამონტაჟებულია ღილაკი და ამ ღილაკზე თითის დაჭერით უსინათლო ადამიანი აგზავნის დახმარების სიგნალს. სიგნალთან ერთად, მიმღებთან მიდის უსინათლოს ადგილმდებარეობის კოორდინატები.

სიგნალის გადაცემა ყველა ადგილიდან არის შესაძლებელი, მაგალითად, შესაძლებელია, ბათუმში იყოს და სიგნალი თბილისში გააგზავნოს. ასევე შეიძლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სიგნალის გაგზავნა”, - ამბობს ცოტნე შოთაძე.

მისივე თქმით, ჯოხი მეგობრებმა სახლში, პატარა ოთახში შექმნეს, სადაც სამუშაო სივრცე თავად მოაწყვეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები ხელსაწყოს გაუმჯობესებაზე მუშაობენ და გამოგონების დაპატენტებას აპირებენ.

”ვფიქრობთ ჩვენი ხელსაწყოს გაუმჯობესებას, ფუნქციების დამატებას, რისი საშუალებაც გვაქვს. უნდა შევქმნათ პატენტი, მერე კი რეალიზებაზეც ვიფიქრებთ“, - ამბობს ცოტნე შოთაძე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ჯოხის შექმნის იდეა პრაგმატული ნივთის შექმნის სურვილმა განაპირობა.

”აჭარის უსინათლოთა კავშირთან” გვაქვს ურთიერთობა. მიუხედავდ 21-ე საუკუნეში განვითარებული ტექნოლოგიებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ქუჩაში გადაადგილება საკმაოდ საფრთხისშემცველია. მით უმეტეს, უსინათლო ადამიანებისთვის. ამ გარემოებამ დაგვაფიქრა და გვიბიძგა, რეალურად დავხმარებოდით მათ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს ხელსაწყო უსინათლო ადამიანებს დაეხმარება და რაც უფრო მალე გამოვა სარეალიზაციოდ, მით უკეთესი იქნება”, - აღნიშნავს ცოტნე შოთაძე.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე