ბზის საბაზისო სანერგის ერთობლივი პროექტისთვის პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველოს ენდემური და „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა მოეწყობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კერძოდ მისი სტრუქტურული ერთეული - სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ CENN-თან, კავშირ-ასოციაცია „აგორასთან“ და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებს.

”დღეს, 10 მაისს, 12:00 საათზე, პარტნიორი ორგანიზაციები თანამშრომლობის ხელშეკრულებებს გააფორმებენ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართება აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში და მას პროექტში ჩართულ მხარეთა, სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან”, - აცხადებენ CENN-ში.

მათივე განმარტებით, კოლხური ბზის საბაზისო სანერგის მოწყობა კონსერვაციისა და მომავალი აღდგენის მიზნებს ემსახურება, რომელში გამოყვანილი ნერგების ნაწილიც უფასოდ გადაეცემათ თვითმმართველობებს, საჯარო სკოლებსა და საპატრიარქოს ეპარქიებს.

”კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა – ბზის სიდამწვრის გამომწვევი პათოგენური სოკოსა და საშიში მავნებელი პეპლის, ბზის ალურას ინვაზიამ საქართველოში, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა კოლხური ბზის ბუნებრივ კორომებს და მოედო მწვანე ზოლებსა და კერძო ეზოებს.

კოლხური ბზის საბაზისო სანერგის მოწყობა კონსერვაციისა და მომავალი აღდგენის მიზნებს ემსახურება. აქ გამოყვანილი ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ თვითმმართველობებს, საჯარო სკოლებსა და საპატრიარქოს ეპარქიებს, ასევე, მცირე სანერგეების განვითარებისათვის და შეიქმნება საფუძველი დაზიანებული ბზის უნიკალური კორომების აღდგენის პროცესის დასაწყებად, მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. პროექტის ფარგლებში იგეგმება ნერგების ნაწილის გადაცემა აფხაზური მხარისთვისაც”, - განმარტავენ ორგანიზაციაში.