დაზარალებულმა მოსახლეობამ სამინისტროსთან დასეტყვილი ხეხილის ტოტები მიიტანა

სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დასეტყვილი ხეხილის ტოტები მიიტანა.

როგორც გორის რაიონის სოფლების დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, სრულად დაისეტყვა მათი მოსავალი, ხოლო ზარალის ანაზღაურებაზე მათ არავის დახმარების იმედი არ აქვთ.

დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ აგროდაზღვევა, რომელსაც წესით უნდა აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი, საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს.

„ჩვენთან მოვიდნენ სეტყვამდე რამდენიმე დღით ადრე დაზღვევიდან, შევთანხმდით, რომ მოსავალს დავაზღვევდით, თუმცა უქმე დღეების გამო, ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, დაზღვევა გვეუბნება, რომ ზარალს არ აანაზღაურებენ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გორის რაიონის სოფლებიდან სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ლევან დავითაშვილსა და აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.