ცესკო-ს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების ოდენობა რიგ შემთხვევებში 200%-ს აღემატება

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ცესკო-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში პრემიებისა და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობით და პერიოდულობით გაცემა სისტემატური ხასიათის პრობლემაა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2011-15 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩენო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ცესკო-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ანგარიში მედიას დღეს ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება. გაურკვეველია თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება მათი ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას.

”სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცესკოს წევრებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების გაცემა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი აქვს თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან მეტი ოდენობის დანამატების გაცემას, მაშინ როდესაც ამ პერიოდში ცესკო-ს წევრები ისედაც გაორმაგებულ ხელფასს იღებენ. არასაარჩევნო პერიოდში კი ცესკო-ს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების საერთო ოდენობა, უმეტესწილად, თანამდებობრივი სარგოს 50%-ზე მეტს შეადგენს და რიგ შემთხვევებში 200%-საც კი აღემატება. ასეთი პრემიებისა და დანამატების რაოდენობა გაუმართლებლად მაღალია და მათი გაცემის საჭიროება არ არსებობს“, - აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა, ასევე პრემიისა და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ მოხდეს დანამატის გაცემა.

”წახალისებას პრემიების სახით არ უნდა ეძლეოდეს სისტემატური ხასიათი, არამედ დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლის განსაკუთრებულ დამსახურებასა და კონკრეტულ საფუძველზე”, - მიიჩნევენ ”სამართლიან არჩევნებში”.