აქციის მონაწილეების ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრას დამაკმაყოფილებელს უწოდებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი დამაკმაყოფილებელს უწოდებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილე ვალიკო დარბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის მოადგილეები მათ შხამ-ქიმიკატებით უზრუნველყოფას დაპირდნენ, რაც სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ნაწილობრივ აანაზღაურებს.

”გვითხრეს, რომ მოგვცემენ წამალს. ერთ წამლობას ჩავატარებთ და ეს საკმარისი იქნება, რათა ხეხილი გადარჩეს. დაგვპირდნენ ანაზღაურებას მოგვცემენ და დაგვეხმარებიან რომ სამომავლოდ ჩვენი ბაღები გადავარჩინოთ. ჯერჯერობით შეხვედრა დამაკმაყოფილებელი იყო”, - განაცხადა აქციის მონაწილე ვალიკო დარბაიძემ.

საპროტესტო აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დასრულებულია. აქციის მონაწილეები გორის რაიონის სოფლებიდან შეიკრიბნენ, ისინი აცხადებდნენ, რომ ძლიერმა სეტყვამ მათი მოსავალი 100 პროცენტით გაანადგურა.