სვანეთში ინდური ფილმი გადაიღეს

სვანეთში კიდევ ერთი უცხოური ფილმის გადაღებები დასრულდა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში გადაღებები 22 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

”ინდურმა გადამღებმა სტუდიამ “Mad Studio” ფილმის „დედა“ გადასაღებად სცენარის გათვალისწინებით სვანეთი შეარჩია. სვანეთის უნიკალური ბუნებისა და ზაფხულის სეზონზე თოვლიანი ამინდის გამო, სწორედ საქართველო გახდა დანიშნულების ადგილი”, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ფილმის მთავარი პროდიუსერები ინდური კინოინდუსტრიის წამყვანი ფიგურები ბონი კაპური და სუნილ მანჩანდა არიან.

სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ფილმში მთავარ როლს სრიდევი კაპური ასრულებს, რომელიც ინდოეთის მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი მსახიობია. მას პარტნიორობას უწევენ ასევე პოპულარული მსახიობები, რაც ცხადია, მნიშვნელოვანია ინდურ ბაზარზე საქართველოს, როგორც კინოგადაღების ცენტრის პოპულარიზაციის კუთხით და ხელს უწყობს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

ფილმის ე.წ პროდაქშენზე ქართულმა კომპანიამ Film Factory იზრუნა, ქართულმა მხარემ ინდოელ პარტნიორებს ყველა სამუშაო პირობა შეუქმნა, როგორც კვალიფიციური კადრების, ასევე აპარატურისა და პროცესების მენეჯმენტის კუთხით.

რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე