მინისტრის მოადგილე - დავეხმარებით იმ ხალხს, ვისაც აგროდაზღვევა აქვს, ვერ დავეხმარებით მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმარება.

როგორც გოჩა ცოფურაშვილმა გორის რაიონის სოფლებიდან ჩამოსულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სრულად ვერ დაეხმარება, რადგანაც სამინისტროს მოქმედების პერიმეტრი შეზღუდულია, თუმცა უწყება გლეხებს გარკვეულ დახმარებას გაუწევს.

”ჩვენ ექვსი სოფლის წარმომადგენელს ავუხსენით ჩვენი უფლებამოსილება. სოფლის მეურნეობის მოქმედების პერიმეტრი განსაზღვრულია.

შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით, რომ აუცილებელია ამ ეტაპზე გამოვყოთ გარკვეული საშუალებები და გადავარჩინოთ ხეხილი. უკვე დათვლილი და შეჯერებულია ზარალი და სოფლები. ეს ეხება იმ ნაწილს, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია, რომ ჩავერიოთ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საბანკო და დაზღვევის პრობლემებზე. იმ ნაწილში სადაც დაზღვევაა, აუცილებლად ჩავერევით და აუცილებლად დავეხმარებით. დახმარებას დავპირდით ასევე იმ ნაწილში, სადაც ”იაფი სესხის” პროგრამაა. მაგრამ მთლიანი მოცულობის ანაზღაურებაზე საუბარი არ არის.

ის ადამიანები, ვინც ჩვენთან იყო, აბსოლუტურად დარწმუნდნენ ჩვენ პოზიციაში და მიხვდნენ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ჩვენ დავეხმარებით იმ ხალხს, ვისაც უკვე აგროდაზღვევა აქვს, თუმცა ვერ დავეხმარებით მათ, ვისაც ეს დაზღვევა არ აქვს”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გორის რაიონის სოფლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დასრულებულია.