სემეკის წარმომადგენლებმა ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს.

როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს წყლის ხარისხის კონტროლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია, ღრმაღელის საფილტრე სადგური - სადაც ხდება ნედლი წყლის დამუშავება სასმელ პროდუქტამდე.

ასევე დაათვალიერეს საგურამოჰესის მშენებლობის პროცესი და საგურამოს სატუმბი სადგური. ეწვივნენ მისაქციელის ახალ წყალსადენს და დაათვალიერეს საინფილტრაციო მოედნები, სადაც წყალი ბუნებრივ ფილტრაციას გადის.

შეხვედრას ესწრებონენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, კომისიის წევრები - გოჩა შონია და გიორგი ფანგანი, ასევე წყალმომარაგების დეპარტამენტისა და ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, დირექტორი ოპერაციების მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი თამარ ნიკურაძე და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები.

ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობამ, სემეკის წარმომადგენლებს კომპანიის სამომავლო გეგმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო.