6 ქართველი ბიზნესმენი ქალი, ვისი გვარიც ე.წ. „პანამის დოკუმენტებში“ მოხვდა

”პანამის დოკუმენტებში” 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც რამდენიმე ქალბატონია.

„ბიზენესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, ვინ არიან ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან დაკავშირებული ქართველი ქალები.

ერთ-ერთი, ვისი გვარსახელიც ამ ნუსხაში გხვდება, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილი, ნათია ჩხარტიშვილია. საქართველოში არსებული კომპანიებიდან მის სახელს უკავშირდება შპს „ენ ეს გალერი“, შპს „სმარტ გრუპი“,“ პრინცი“, საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი, „მზერა ტვ“ და სხვა. ნათია ჩხარტიშვილის ბიზნესსაქმიანობა ალბათ ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებას დღემდე ახსოვს მის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე სკანდალი.

რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გავრცელდა ცნობა, რომ ნათია ჩხარტიშვილი ბორისპოლის აეროპორტიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თავის საქმროსთან შიდა ქართლის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელთან დავით ტაბუცაძესთან ერთად აპირებდა თბილისში დაბრუნებას. მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ გატაცების ორგანიზატორი ვანო ჩხარტიშვილი იყო, ის სწორედ ამ ფორმით შეეწინააღმდეგა მისი ქალიშვილის და დავით ტაბუცაძის დაქორწინებას.

ოფშორული კომპანიების ჩამონათვალში აღმოჩნდნენ ლიანა კობიაშვილი და შორენა გველესიანი. ორივე ქალბატონი OOCO LTD., FOL TRADING CORP-ის წილის მფლობელები არიან. ამავე კომპანიაში წილს ფლობს ვინმე კობა კეჟერაშვილიც, რომლის სახელსაც საქართველოში რამდენიმე კომპანია უკავშირდება, მათ შორის შპს „ამაათი“, შპს „პეტროსილექსი“ და „ორიენტალ ოილ კო“-ს წარმომადგენლობა საქართველოში.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ერთ ძალიან საინტერესო დამთხვევას მივაგენით. ლიანა კობიაშვილი და კობა კეჟერაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს უფროსის, გიორგი კეჟერაშვილის მშობლები არიან, როგორც ეს კეჟერაშვილის 2015 წლის ივლისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა.

კიდევ ერთი ქალბატონი ქართული გვარით, რომელიც ”პანამის დოკუმენტებში” მოხვდა, ქეთევან ნაცვლიშვილია. შესაბამისი ინფორმაციის მოძიების შედეგად ირკვევა, რომ მისი სახელი საქართველოში უკავშირდება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა შპს „ვინ ბეთი“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, FIRST IT, შპს „ჯინო“ და შპს „აუთლეტიკა“ .

”პანამის დოკუმენტებშია” მოხსენიებულია მარიამ ჯაფარიძე, რომლის გვარ-სახელი სხვადასხვა დროს შპს ”იბერია TV”-ის დირექტორის თანამდებობაზე გვხვდება.

ქართველი ქალების „ოფშორულ“ ჩამონათვალში ასევე მოხსენიებულია ნინო კიკვაძე, როგორც PONTOS ENERGY LIMITED-ის დირექტორი, თუმცა მის შესახებ სხვა ინფორმაცია ფაქტობრივად, არ მოიძებნა.