დემურ გიორხელიძე: ”საქართველოს ეკონომიკას კატასტროფულად აკლია ფული”

ეკონომიკის ექსპერტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარის შეძენის ფაქტს ეხმაურებიან.

”ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა კარგად იცის, რომ ასეთი უაზრო ტემპით ვალუტის გამყარება ქართულ ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის”, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას ფული კატასტროფულად აკლია, ეროვნული ვალუტა კი არასტაბილურია, რაც ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

”საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეძლონ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, სადაც ზუსტად იქნება პარამეტრები გაწერილი მთავრობისთვის და ეროვნული ბანკისთვის. საქართველოს ეკონომიკას კატასტროფულად აკლია ფული. საქართველოს ეროვნული ვალუტა უაზროდ დარბის აღმა-დაღმა და იმის ნაცვლად, რომ სტაბილურობისკენ წავიდეს და წონასწორული კურსის ირგვლივ მცირე რყევები გააჩნდეს, ჩვენ ვხედავთ ხან უაზრო გამყარებას და ხან უაზრო დაცემას, რაც საერთოდ, ქართული ბიზნესის და ქართული ეკონომიკის პერსპექტივას ფაქტობრივად, ანულებს. ამ რეჟიმში ეკონომიკა არ შეიძლება მუშაობდეს, არ შეიძლება რამე გრძელვადიანი გათვლა გაკეთდეს, ამიტომ ეს ძალიან ცუდია და, რა თქმა უნდა, როგორმე უნდა მოხდეს დოლარიზაციის ხარისხის შემცირება”, - ამბობს დემურ გიორხელიძე. 

მისი თქმით, საჭიროა არა მხოლოდ დოლარიზაციის შემცირება, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე დოლარის მიმოქცევის საერთოდ აკრძალვა.

”დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მიმოქცევის საშუალება, უნდა აიკრძალოს. ყველაფერი ღირებული ქვეყანაში დოლარზე იყიდება, რაც ლარს ფუნქციას უკარგავს”, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სებ-მა ორჯერ შეისყიდა დიდი ოდენობით დოლარი, რომლის ჯამურმა თანხამ 40 000 000 შეადგინა. აპრილიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა დიდი ოდენობით დოლარი სავალუტო აუქციონზე უკვე მეხუთედ შეიძინა. აპრილში სამჯერ - 14, 20 და 21 აპრილს. შესაბამისად, 10 000 000, 10 000 000 და 20 000 000 დოლარი.

თამარ კორკოტაშვილი