ევროკავშირის საბჭოში დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საკითხს ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ.

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.

”ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა პროცესი და პროცედურა ორივე ორგანოში - როგორც პარლამენტში, ასევე საბჭოში. დანიშნულია 11 მაისს ევროკავშირის საბჭოში კიდევ ერთი განხილვა და ასევე შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება ამ გეგმებსა და გაცხადებულ დღის წესრიგში არ არის”, - განაცხადა ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოში გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.