წინასაარჩევნოდ 300 მლნ ლარი დატრიალდება

საარჩევნოდ ქვეყანაში ასეული მილიონობით ლარი ტრიალებს, ფული იხარჯება, ლეგალურად თუ არალეგალურად. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საარჩევნო ფინანსების თვალყურის დევნებაში დახელოვნებული ადამიანები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ხარჯი მხოლოდ ის არ არის, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ან აუდიტის სამსახური აჩვენებს. დაფინანსება იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიაში იდება უფრო მეტი რეკლამა.

როგორც წესი, საარჩევნო წელს თან ახლავს ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება. დედაქალაქში თუ რეგიონებში ქუჩები გადათხრილია, გამალებით კეთდება სკვერები, შიდა გზები, საკანალიზაციო სისტემები, კორპუსების სახურავები და ა. შ. ოფიციალურად, საბიუჯეტო ორგანიზაციების ვერ მოედავები, რომ ეს ფული საარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოსაგებად იხარჯება, მაგრამ მოქალაქეები არჩევნების წინ ამ ყველაფერს თავადაც ამჩნევენ.

წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების აშკარა ფაქტები გვახსოვს წინა წლებშიც. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის გაპიარებული უფასო სასადილოები, ღიმილიანი საქართველო და არჩევნებისთვის კბილებჩასმული მოხუცები და სხვა.

გარდა საბიუჯეტო სახსრების გამოყენებისა, სტატისტიკოსის, სოსო არჩვაძის გათვლით, არჩევნებისთვის ქვეყანაში დაახლოებით 250-300 მილიონი ლარი ტრიალებს ხოლმე.

"ყველა პარტიას აქვს თავისი ბუღალტერია - ოფიციალური შენატანები ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ და ეს კონტროლდება ცესკოს შესაბამისი სამსახურების მიერ. გარდა ამისა, პარტიული პროპაგანდის ნიმუშს წარმოადგენს ის არასამთავრობოები, რომლებიც აფილირებულნი არიან არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ მიმდინარეობასთან, ორიენტაციასთან. და ა. შ. ამიტომ არ იქნება სწორი, რომ არჩევნების ხარჯებზე მხლოდ პარტიებში ღია შენატანებით ვიმსჯელოთ. მხედველობის მიღმა დაგვრჩება ის რესურსები, რაც იდება მედია საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს ყველაზე მოკრძალებული შეფასებით 250-300 მილიონი ლარია", - ამობს სოსო არჩვაძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილიც დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება და ეს თანხა შეიძლება 300 მილიონ ლარსაც კი აღემატებოდეს.

"გააჩნია არჩევნებსა და მის მნიშვნელობას. ამის მიხედვით განსხვავებულია ხარჯიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს თანხა ჯამურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარია. მით უმეტეს, თუ გრძელი საარჩევნო პერიოდია. პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან და შემოწირულობის სახით. ეს არის ლეგალური ფული. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებში მხოლოდ ლეგალური ფული იხარჯება ან საქართველოს შესაბამის უწყებებს აქვთ საშუალება და რესურსი, რომ კვალიფიციურად მიადევნონ თვალყური არალეგალურ დაფინანსებას. მაგალითად, რომელიმე კომპანია აფინანსებს საბავშვო ბაღებს. ეს უწყინარი კარგი საქმეა, მაგრამ შეიძლება ამის უკან რაიმე იყოს და მისი კონტროლი ცოტა რთულია", - აღნიშნავს ალაფიშვილი.

მისი განცხადებით, არჩევნების არალეგალურ დაფინანსებაზე ყოველთვის კეთდება განცხადებები, მაგრამ რეალურად სასამართლომდე არც ერთი საქმე მისულა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებისთვის მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ხარჯი ჩანს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის 4 თვეში პოლიტიკურმა სუბიექტებმა შემოწირულობის სახით 1,034 მილიონი ლარი მიიღეს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაფინანსების მოცულობა მკვეთრად იზრდება. მაგალითად, პირველ კვარტალში შემოწირულობების მთლიანი ჯამი 428 მილიონი ლარი იყო, მარტო აპრილში კი პარტიებმა 605,747 მილიონი ლარი მიიღეს. ამ მიმართულებით ლიდერი პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია". სახელმწიფო ბიუჯეტი კი პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთარვობო ორგანიზაციებს 12,785 მილიონი ლარით დააფინანსებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 32,2 მილიონი ლარი მიიღეს. აქედან ფინანსურად ყველაზე ძლიერი "ნაციონალური მოძრაობა" იყო - 21,214 მილიონი ლარი, მას მოსდევდა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველო არ იყიდება" - 2,5 მილიონი ლარი და "ქართული ოცნება" - 2,04 მილიონი ლარი. მაშინ, ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს 7,104 მილიონი ლარი ერგო.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას პარტიების შემოწირულობები შედარებით მოკრძალებულია, ჯამში 7,755 მილიონი ლარი. ამ შემთხვევაში შემოწირულობის სიუხვით "ქართული ოცნება" გალიდერდა - 3,391 მილიონი ლარი, მეორეა "დემოკრატიული მოძრაობა - ერნთიანი საქართველო" - 2,634 მილიონი ლარი, მესამე ადგილზე "ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები არიან" - 451 353 ლარი.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აუდიტის სამსახურის 23 პარტიის ფინანსური დეკლარაცია აქვს შესწავლილი. მთლიანობაში 28 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყველაზე მეტი ხარჯი "ქართულმა ოცნებამ" გაიღო (9,110 მილიონი ლარი, მას მოდევს "ნაციონალური მოძრაობა" (5,618 მილიონი ლარი) და მესამეა "გაერთიანებული დემოკრატები" (3,480 მილიონი ლარი). ის არჩევნები ყველაზე იაფი "მწვანეთა პარტიას" დაუჯდა - 8000 ლარამდე.

რაც შეეხება არჩევნების პერიოდში ცესკოს დაფინანსებას, წელს ამ ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან 57,599 მილიონი ლარი გამოიყო. 10 მილიონი ლარით მეტი წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. გაზრდილია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ისე შრომის ანაზღაურებისთვის გაწერილი ხარჯი (26,587 მილიონი ლარი). 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ 48,385 მილიონი ლარი მიიღო. აქედან 23,759 მილიონი ლარი ხელფასებზე მოდის.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"