ამერიკაში ეკო-ქალაქი აშენდება

აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ-დასავლეთში დაიწყო ქალაქის მშენებლობა, რომლის ენერგომოხმარება სრულიად იქნება უზრუნველყოფილი მზის ენერგიით.

პროექტ Babcock Ranch-ის დასრულება 25 წელიწადში იგეგმება. ქალაქი მანჰეტენის ზომის იქნება, სადაც 19 500 საცხოვრებელი სახლი აშენდება, 560 000 კვადრატული მეტრის ფართობი კი სავაჭრო ტერიტორიას დაეთმობა.

როგორც მოსალოდნელია, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში 50 ათასი ადამიანი იცხოვრებს.

Babcock Ranch-ის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მზის ბატარეა, რომლის ფართობი 160 ჰექტარი, სიმძლავრე კი 75 მეგავატია. 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სისტემის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

ტერიტორიის კეთილმოწყობას ახორციელებს დეველოპერული კომპანია Kitson & Partners, რომელსაც მართვაში მიწის თითქმის 300 კვადრატული კილომეტრის ნაკვეთი გადაეცა.

Babcock Ranch-ის ტერიტორიაზე აშენდება „აქტიური სახლები“, რომლებიც ენერგიის წარმოებას შეძლებენ. გარდა ამისა, შეიქმნება წყლის რესურსების კომპლექსური მართვის სისტემა, ქალაქის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ველოსიპედებისა და ავტომობილების დაქირავების სერვისით, რომლებიც ასევე იმუშავებენ ელექტოენერგიაზე.

პროექტის თანახმად, მომავალი წლისთვის დაგეგმილია მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება, რომლის ფარგლებშიც 1 100 საცხოვრებელი სახლი აშენდება.