პროექტს Check in Georgia საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან

პროექტს Check in Georgia საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან. ამის შესახებ დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ბიზნესსექტორის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტს უკვე შეუერთდა 20-ზე მეტი კომპანია და მათი მხრიდან სასპონსორო შემონატანი 6 000 000 მილიონ ლარს შეადგენს.

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ყველა იმ სპონსორს, ვინც გამოეხმაურა მოწოდებას, შეერთებოდა პროექტს Check in Georgia.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორი პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდება ბიზნესსექტორი. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე კომპანიებს ეძლევათ საშუალება, წარმოჩინდნენ როგორც Check in Georgia-ს პარტნიორები, მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები.

კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი თუ მომწოდებელი კომპანიები ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტს უკვე შეუერთდა 20-ზე მეტი კომპანია და მათი მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 6 000 000 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა დაახლოებით 2 მილიონი ლარი შეადგინა.