აპრილში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

2016 წლის აპრილის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 32.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 882 ერთეული შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (66.1%-ით), ისე მეორადი (24.5%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის აპრილის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 13 342, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 42 540 ერთეული შეადგინა. სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.205 და 1.372 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი. მიმდინარე წლის აპრილში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 76.1%-ს მეორადი, ხოლო 23.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს.