საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა

საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან აცხადებენ, არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები საქართველოდან ექსპორტის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

„12-13 მაისს დაიგეგმა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგენლები იქნებიან. ხსენებული სავაჭრო ქსელი საქმიანობას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ახორციელებს და 35 საერთაშორისო ბრენდსა და 3000-ზე მეტ სასაწყობო პუნქტს აერთიანებს. საქართველოს ასევე ესტუმრება არაბული კომპანიის Barakat Veg. & Fruits Co. L.L.C, წარმომადგენლები, რომელიც ნატურალური წვენების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ემირატებში ბოსტნეულის რეალიზატორია. დელეგაციის წევრი მესამე კომპანია კი Emirates Macaroni Factory მაკარონის უმსხვილესი მწარმოებელი და აზიის 20-მდე ქვეყნაშია წარმოდგენილი“, - განაცხადეს სააგენტოში.

არაბულ მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უმასპინძლებს და გააცნობს ქართულ პროდუქციას, მათ შორის მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური წყლის და საკვები პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია დელეგაციის წევრების ქართულ საწარმოებში სტუმრობა და სამუშაო პროცესის გაცნობა. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობის დაგეგმვისა და არსებული პერსპექტივების განხილვის მიზნით მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 13 მაისს, 16:30 საათზე, სასტუმროში Tbilisi Marriot მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა სექტორიდან 25 ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება და საკუთარ საქმიანობის გაცნობასთან ერთად არაბულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც დასახავს.