რა ფაქტორები მოქმედებს რეკლამის ვირუსულობაზე

იმის წინასწარ განსაზღვრა, გახდება თუ არა სარეკლამო ვიდეო რგოლი ვირუსული, ფაქტობრივად შეუძლებელია და ამის პროგნოზირება რეკლამის წამყვან სპეციალისტებსაც კი უჭირთ.

სარეკლამო სააგენტო Unruly-მ იმ ფაქტორების კვლევა ჩაატარა, რომელიც ვიდეორეკლამის ვირუსულობაზე მოქმედებს. კვლევისთვის მაგალითად კი სააგენტომ Apple Music-ის სარეკლამო ვიდეორგოლი აიღო, რომელშიც ტეილორ სვიფტი მონაწილეობს.

კომპანიის ხელმძღვანელის სარა ვუდის განცხადებით, მომხმარებელს ხშირად ერევა ერთმანეთში ვირუსული და პოპულარული ვიდეო.

„ერთ-ერთი მთავარი მინიშნება, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, იყო თუ არა რეკლამა ვირუსული, იმის ნახვაა, რამდენად ხშირად გაუზიარა მომხმარებელმა რგოლი მეგობარს“, - აღნიშნავს სარა ვუდი.

სარეკლამო სააგენტოს ხელმღვანელი ასევე ასახელებს რამდენიმე ფაქტორს, რომელიც განაპირობებს რეკლამის ვირუსულობასა და ეფექტურობას:

პუბლიკაციის დრო - აღსანიშნავია, რომ კომპანია Apple-მა ვიდეო 1 აპრილს - მსოფლიო სიცილის დღეს გამოაქვეყნა, როცა მომხმარებელი ნებისმიერი რეკლამიდან სახალისო სანახაობას ელის.

ხანგრძლივობა - ვუდის თქმით, ერთი წუთი ძალიან ბევრია ჩვეულებრივი რეკლამისთვის. „ტრადიციულად ითვლება, რომ რაც უფრო ხანმოკლეა რგოლი, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ მომხმარებელი მას სხვებსაც გაუზიარებს. თუმცა Apple-ის ვიდეო გამონაკლისია, რადგან ის ძალიან დინამიკურია და ყოველი წამია გამოყენებული იმისთვის, რომ მომხმარებელზე ეფექტი მოახდინოს. ბრენდმა შეძლო ერთ რგოლში წარმოედგინა პროდუქტი და უჩვეულო ამპლუაში აჩვენა მომღერალი“, - აღნიშნავს სარა ვუდი.

მოულოდნელი ფინალი - სარა ვუდის აზრით, სარეკლამო რგოლში ნაჩვენები მოულოდნელობა მეტწილად განაპირობებს მომხმარებლის ემოციურ რეაქციას. რგოლის ბოლოში ტეილორ სვიფტის წაქცევა - მოულოდნელი ქმედებაა, რომელიც რთულია ყურადღების გარეშე დატოვო.

Unruly-ის კვლევის ავტორებმა ასევე შეისწავლეს სოციალური მოტივები, რის გამოც მომხმარებლებმა რგოლი მეგობრებსაც გაუზიარეს.

კვლევის თანახმად, ამერიკელების 19%-მა რეკლამა იმიტომ გაუზიარეს სხვებს, რომ უნდოდათ მათი აზრის გაგება, 12%-მა მათი მხრიდან სარეკლამო რგოლი გაზიარება სოციალურ აქტივობად ჩათვალა, 10%-მა ეს საკუთარი ქმედების შექების მიზნით გააკეთა; 9%-მა - ამით სოციალურ ქსელებში განხილვის პროვოცირება მოახდინეს; 5% ზოგადად ყველა სიახლეს აზიარებს.

კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ Apple-ის სარეკლამო რგოლის ნახვის შემდეგ მიზნობრივი აუდიტორიის 20%-მა კომპანიისადმი დამოკიდებულება დადებითისკენ შეცვალა. გარდა ამისა, Apple-ის სახალისო რეკლამამ იმაზე მეტი სასიამოვნო ემოცია გამოიწვია, ვიდრე ტექნოლოგიის სფეროში სხვა რეკლამებმა.

bpn