აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელორუსი ჟურნალისტები სიუჟეტებს და სტატიებს მოამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ ბელორუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, პრესტურის ფარგლებში, 11-15 მაისს, ბელორუსი ჟურნალისტები რეგიონს სტუმრობენ და მის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურისას ძირითადი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება. ბელორუსში პოპულარული ტელეარხების ONT-ს, CTC-ის გადამღები ჯგუფები ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან აჭარას ეწვევიან, სადაც საოჯახო სახლებში აჭარული კერძების მომზადებას გაეცნობიან. მათ ობიექტივში ასევე მოხვდება ადგილობრივი წარმოების ღვინო, მახუნცეთის ჩანჩქერი, მაჭახელა და აჭარული ღვინის სახლი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ასევე, ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ და ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან. ქალაქში ყოფნისას ჟურნალისტები აჭარული ხაჭაპურის მომზადებასაც გადაიღებენ. ისინი რეგიონს 15 მაისს დატოვებენ.

მათივე ინფორმაციით, პრესტურის შედეგად აჭარული და ზოგადად ქართული სამზარეულოს შესახებ მომზადებული ტექსტური, ფოტო-აუდიო მასალები და რეცეპტები სპეციალურ კულინარიულ გზამკვლევში განთავსდება, რომელიც დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „gobatumi.com” აიტვირთება. გზამკვლევი საშუალებას მისცემს ტურისტებსა და საიტის ვიზიტორებს გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, დაგეგმონ გასტრო ტურები აჭარისა და ზოგადად საქართველოს მიმართულებით.