EBRD-ის მიერ გამოყოფილი გრანტით თბილისის მერია 150 ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე ავტობუსს შეიძენს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” ბანკირმა თეა მელიქაძემ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ჭეიშვილმა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად 27 000 000 ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს. გარდა ამისა, თბილისის მერია მიიღებს გრანტს, 7 000 000 ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) მიერ. (E5P) მრავალდონორიანი ფონდია, რომელსაც EBRD მართავს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 150 ახალი ავტობუსის შეძენას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას. მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ახალი სამარშრუტო სქემა გვქონდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტებში გვიჭერენ მხარს“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მერიის განმარტებით, პროექტი წარმოადგენს ფართო წამოწყების ნაწილს, რომლის მიზანია თბილისში საჯარო ტრანსპორტის მობილობის გაუმჯობესება და რომელიც გულისხმობს ავტობუსების არსებული მარშრუტების რესტრუქტურიზაციას.

თბილისის მერიამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის მოსაძიებლად, რომელიც დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს. შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ რეგულაციების შესაბამისად.

”შესყიდვის მიზანია მგზავრზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განვითარება, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება მობილობის პრობლემას. პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ევრო, საიდანაც 300 ათასს თბილისის მთავრობა ბიუჯეტიდან დააფინანსებს, ხოლო 500 ათას ევროს საერთაშორისო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიიღებს.

თბილისის მერიის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით წამოწყებული პროექტები საფუძველს ჩაუყრის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ძირეულ რეფორმას, რის შედეგადაც მოსახლეობა ევროპული სტანდარტების მომსახურებას მიიღებს”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.