„თბილისის ავტობუსების პროექტის“ დაფინანსებისთვის ხელშეკრულებები გაფორმდა

ქალაქ ლონდონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით 7 მილიონ ევროს გამოყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებებით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

”პროექტი მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესებას”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.