სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში საშიში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

იტალიური კალიის გამოვლენისა და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო კვლევები მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად USAID-ის უფროსი ტექნიკური მრჩეველი და პროექტის მენეჯერი იანენენეჰ ბელაინეჰი, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ.

მიმდინარე კვლევებით შესაძლებელია, შეფასდეს არსებული რისკები და დაიგეგმოს მავნებლის საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიებები.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლევები ყოველწლიურად ხორციელდება.

”იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს. წელს ქიმიური წამლობა მაისის ბოლოს არის დაგეგმილი, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნათესების დაცვას განადგურებისაგან და ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნათესებში კალიის გამოჩენის შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს ან დარეკოს ცხელ ხაზზე: 247 01 01” , - ნათქვამია ინფორმაციაში.