კამპანიის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის ავტოსადგურის მძღოლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამარშრუტო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთი) გააცნეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. ასევე, დისკუსია გაიმართა გზებზე არსებულ მდგომარეობასა და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პერსპეტქივებზე.

მძღოლებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები საგზაო უსაფრთხოების თემაზე და საგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზების შემახსენებელი მანქანაზე მისაკრავი სტიკერები.

შეხვედრის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მძღოლებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და მსგავსი კამპანიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.