EBRD-მა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,6 %-დან 3.4%-მდე გაუზარდა

EBRD-მა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაუზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა.

„მაშინ, როდესაც გარემო პირობები კვლავ გამოწვევად რჩება, მათ შორის ფულადი გადმორიცხვები და ასევე ექსპორტი, რომელზეც ნეგატიურად აისახა რუსეთში მიმდინარე რეცესია და რეგიონულ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მკვეთრი დაღმასვლა, ქვეყანა კარგი ტურისტული სეზონისგან სარგებელს ელოდება“, - წერია EBRD-ის ეკონომიკურ პროგნოზში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის და ცენტრალური ბანკის მიმართ ნდობა კვლავ იზრდება.

„ამ ფაქტორს, როგორც მოსალოდნელია, შეუძლია ეკონომიკაში დოლარიზაციის პროცესის შემცირება, რომელიც ამ დროისთვის 68%-ს შეადგენს დეპოზიტის, ხოლო 66%-ის სესხის კუთხით. მას შემდეგ რაც 2015 წელს ლარი 21%-ით გაუფასურდა, მოსალოდნელია არსებული დეფიციტის დასტაბილურება და 2016 წლის განმავლობაში დოლარიზაციის ეტაპობრივად შესუსტება. ეს შეამცირებს ლარზე ზეწოლას 2017 წელს“, - წერია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს, როგორც მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდა 3,9%-მდე გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ (DCFTA) მოქმედება.

EBRD-ის ეკონომიკური პროგნოზის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში, ასევე სომხეთსა და უკრაინაში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა დადებითად იმოქმედებს აზერბაიჯანსა და ბელორუსზეც.

bpn

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე