ირაკლი აბესაძე - უახლოეს დღეებში ნახავთ, თუ როგორ არის თბილისის მერია პოლიტიკური კორუფციით დაკავებული

უახლოეს დღეებში მორიგ ფაქტებს ნახავთ, თუ როგორ არის თბილისის მერია პოლიტიკური კორუფციით დაკავებული, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს ქალაქის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გაზრდის შეზღუდვასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ დაგვიანებულია და ის რეალობაში ნაკლებად განხორციელდება. ამასთან აბესაძის თქმით, მერია პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული და ხშირია შემთხვევები როდესაც მერია ქალაქის ცენტრში მშენებლობის ნებართვებს გასცემს დეპუტატებისა და ”ქართული ოცნების” გუნდის წევრებისთვის. აბესაძის თქმით, ხშირია ქონების ჩუქება ცალკეულ პირებზე.

ირაკლი აბესაძემ ვიცე-პრემიერი კახა კალაძისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ხაბარელის მაგალითი დაასახელა.

”დავით ნარმანიას სააარჩევნო დაპირება იყო, რომ მოაწესრიგებდა ქაოსურ მშენებლობებს, თუმცა 2 წლის განმავლობაში ვნახეთ უფრო მაღალი კოეფიციენტებით გაცემული ნებართვები და ნაჩუქარი შენობები. 2 წლის განმავლობაში პოლიტიკური დაპირების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა ქალაქის მერი. თქვენ ნახავთ უახლოეს დღეებში, როგორ ხდება ქალაქს ცენტრში პარლამენტის დეპუტატებისათვის სახელმწიფო ქონების ჩუქება. მერიის დაპირებები კი მშენებლობების შეზღუდვის შესახებ, ცარიელი დაპირებაა და დაგვიანებული ტყუილია.

არაერთ კონკრეტულ მაგალითზე იყო საუბარი - მაგალითად კახი კალაძე, შოთა ხაბარელი. უახლოეს დღეებში მორიგ ფაქტებს ნახავთ, თუ როგორ არის თბილისის მერია პოლიტიკური კორუფციით დაკავებული”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისი გენერალური გეგმის მიღებამდე კონკრეტულ უბნებს, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული და ქალაქის ცენტრალური ნაწილია, შეეზღუდებათ ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილსა და მჭიდროდ დასახლებულ უბნებს.