ეროვნული ბანკი რეალური მშპ-ს 3%-ის ფარგლებში ზრდას ვარაუდობს

ეროვნული ბანკის პროგნოზით, რეალური მშპ-ს ზრდა 2016 წელს 3%-ის ფარგლებში იქნება.

ამის შესახებ ბანკის მაისის თვის ანგარიშშია აღნიშნული.

სებ-ის ვარაუდით, საგარეო სექტორში არსებული სირთულეების ფონზე, წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები ნაწილობრივ შენარჩუნდება და 2016 წლის რეალური მშპ-ს ზრდაში კვლავ ნეგატიურ წვლილს შეიტანს.

,,წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედებს რეგიონში არსებული გამწვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რაც მათი მხრიდან ქართულ ექსპორტზე მოთხოვნასა და ფულად გზავნილებზე აისახება. საგარეო ფაქტორების უარყოფით გავლენას ნაწილობრივ აბალანსებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასების შემცირება, რაც დადებითად მოქმედებს როგორც მიმდინარე ანგარიშზე, ასევე ეკონომიკის ყველა სექტორზე, ხოლო, მეორე მხრივ, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის უკვე მომხდარი კორექტირება”, - ნათქვამია ბანკის ანგარიშში.