რუსეთმა თურქეთიდან შესაძლოა, ყველა სახის ხილის და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალოს

რუსეთმა თურქეთიდან შესაძლოა, მომავალი კვირიდან ყველა სახის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალოს. ამის შესახებ რუსულ მედიას „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელმა, ალექსეი ალექსეენკომ განუცხადა.

„ამის შანსები ძალიან დიდია. ჯერჯერობით საუბარია ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვაზე“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, მსგავსი ზომის მიღება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს იმის გამო, რომ თურქეთის მხრიდან ფიტოსანიტარული მოთხოვნები რეგულარულად ირღვევა.

რუსეთმა თურქეთიდან 2016 წლის პირველი იანვრიდან არაერთი ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.