"გუგლი" AdWords-ში მიკროკრედიტების რეკლამას კრძალავს

ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google საკუთარ სარეკლამო სერვისზე AdWords მიკროკრედიტების სარეკლამო განცხადებების განთავსებას კრძალავს.

კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი მომხმარებლის „თაღლითობისგან და იმ პროდუქტებისგან დაცვაა, რომელიც მათ ზიანს აყენებს".

Google-ის გლობალური პროდუქტების დირექტორის დევიდ გრაფის განცხადებით, აკრძალვა ძალაში 2016 წლის 13 ივლისიდან შევა.

„ჩვენი ვკრძალავთ და აღარ განვათავსებთ იმ კრედიტების რეკლამას, რომელიც მომხმარებელმა გაცემიდან 60 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს. აშშ-ის ტერიტორიაზე ასევე აიკრძალება იმ კრედიტების რეკლამა, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ზე მეტია“, - წერს ბლოგში დევიდ გრაფი.

მისივე თქმით, „გუგლის“ კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი კრედიტების დაფარვა ხშირად სირთულეებს იწვევს, ასევე შესაძლოა, მომხმარებელს მოუწიოს იმ თანხის გადახდა, რომლის დაფარვაც არ შეუძლია.

დევიდ გრაფის ცნობით, ცვლილებები კომპანიამ მომხმარებელთა საზიანო ფინანსური პროდუქტებისგან დასაცავად შემოიღო და ის არ შეეხება კომპანიებს, რომლებიც გასცემენ იპოთეკურ სესხებს, ავტოსესხებს, სტუდენტურ და კომერციულ კრედიტებს.

2015 წელს "გუგლმა" 780 მილიონი რეკლამა დაბლოკა, რომელთაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდათ.