პრემიერი - ბოლო წლებში საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში

მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სიამაყით ვაცხადებ, რომ ბოლო წლებში საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, რისთვისაც ჩვენ დავნერგეთ რიგი ინოვაციები, მაგალითად, ვაფართოებთ ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე მომსახურებას ფიზიკური პირებისთვის, რათა მან იურიდიული პირებიც მოიცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია Sky news-ის ეთერში, გადაცემაში Ian King Live განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ შენობაში, ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა სახის მომსახურებას მიიღებენ, როგორც ფიზიკური, ისე - იურიდიული პირები.

„გარდა ამისა, ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული შესყიდვების სისტემა, რომელიც გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას. ასევე დავნერგეთ ელექტრონული ბიუჯეტირების სისტემა. კორუფციასთან ბრძოლას ემსახურება ჩვენ მიერ მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა. ამ ნაბიჯების ერთიანობა კი ცვლის შესაბამის კულტურას ჩვენს ქვეყანაში და გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას. სულ ახლახან წამოყენებული ერთ-ერთი ინიციატივა გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული დეკლარაციების მუდმივ მონიტორინგს, როცა საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, უჩივლოს საჯარო მოხელეს, ან მის ნათესავებს, თუკი მის დეკლარაციაში რაიმე დარღვევა აღმოჩნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის ანგარიშებზე, რომელთა მიხედვით, საქართველო წამყვან პოზიციებზეა.

„მაგალითად, მსოფლიო სამართლის პროექტის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, ასევე მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ადგილზე, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების კატეგორიაში. გლობალური კორუფციის ბარომეტრის გამოკითხვის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 4 პროცენტზე ნაკლები აცხადებს, რომ ოდესმე მიუცია ქრთამი. ეს არის კორუფციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ნების და მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში, ბევრის მიღწევა არის შესაძლებელი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველო, სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან, მსოფლიოში კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოდ გარდაიქმნა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ანტიკორუფციული სამიტის ჩატარება არის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ანტიკორუფციულ მექანიზმს ამოძრავებს სამი ძირითადი ასპექტი - გამჭვირვალობა, აღსრულება და ცვლილებები კულტურაში, რომლებსაც ტექნოლოგიები და პოლიტიკური ნება ასაზრდოებს.