CENN ე.წ. საგვარეულო ტყეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში არსებულ ე.წ. საგვარეულო ტყეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარასთან ერთად, გამონაკლისი რეგიონია, სადაც ტყეებზე ტრადიციული საკუთრების ფორმები, ე. წ. საგვარეულო ტყეები შემორჩა.

”რამდენიმე წელია, სამეგრელოში ასევე დამკვიდრდა კერძო ტყეების მართვის პრაქტიკა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაპროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელი მიჰყო ტყეების გაშენებას და შემოსავლის წყაროდაც აქცია. ზუგდიდის რაიონში არის რამდენიმე სოფელი, რომელიც არა მარტო საკუთარ თავს უზრუნველყოფს კერძო ტყეებში დამზადებული სამასალე და საშეშე რესურსით, არამედ სოფლის და ზოგჯერ მუნიციპალიტეტის გარეთაც ყიდის.

იმ პირობებში, როცა თვითმმართველობის ორგანული კანონის მიხედვით, ხელისუფლება თემის განვითარებისთვის გადასაცემ ქონებაში ტყეებსაც მოიაზრებს, შესაძლოა, სწორედ ეს ტრადიცია გახდეს საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების შესაძლებლობა. სათემო და კერძო ტყეების შესაძლებლობას ასევე გაამყარებს ახალი სატყეო კოდექსი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

CENN-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 11 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში, რომელიც CENN-ის მიერ ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, სათემო და კერძო ტყეების მოდელის შექმნის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

”გამგეობაში აღნიშნავენ, რომ ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლე თემებს აქვთ გარკვეული ტრადიციები ტყის მართვასა და შენარჩუნებაში, თუმცა შეშა ჯერ კიდევ რჩება სოფლებში გათბობის ძირითად საშუალებად და მოსახლეობა ხშირად ჭრის იმაზე მეტს, ვიდრე ბუნებრივი შემატება გვაქვს. ამ კუთხით, სასურველი იქნება საპილოტე პროექტის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს როგორც თემების, ასევე თვითმმართველობის ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაზრდას ტყეების მდგრადი მართვის მისაღწევად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემოთავაზებით, შესაძლებელია გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება და თემების შერჩევა, სადაც სათემო და კერძო ტყის მოდელები შეიქმნება”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.