EBRD და ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის ფინანსურ დახმარებას ზრდიან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების პროგრამას იწყებს.

EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ერთობლივი პროგრამა მხარს დაუჭერს ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ სრულად შეძლონ იმ შესაძლებლობებით სარგებლობა, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.

ამ მიზნით EBRD საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარტნიორ ბანკებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს 380 მილიონ დოლარს გამოუყოფს სესხისა და სავაჭრო გარანტიების სახით მცირე და საშუალო მეწარმეების დასაფინანსებლად, ევროკავშირი კი ტექნიკური დახმარების, ინვესტიციების სტიმულირებისა და რისკების გაზიარებისთვის 19 მილიონ დოლარს გამოყოფს.

EBRD-ის ცნობით, ეს არის პირველი ეტაპი EBRD-სა და ევროკავშირს შორის ერთობლივი პროგრამის, რომლის მოცულობაც 1,2 მილიარდი ევროა.

ეს პროგრამა ბიზნესს დაეხმარება უკეთ მოემზადოს DCFTA-სთვის და შექმნის საჭირო გარემოს სატრანსპორტო ვაჭრობისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ეკონომიკური ზრდისთვის.

„ეს მართლაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა ყველას სასარგებლოდ. ამით ადგილობრივი ბიზნესი უფრო კონკურენტული გახდება, მომხმარებელი კი უფრო ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას მიიღებს. ეს შეთანხმება დაეხმარება ამ სამი ქვეყნის ბიზნესს, გააფართოვონ თავიანთი საექსპორტო პოტენციალი, რადგან მათ ექნებათ წვდომა ევროპულ ბაზარზე“, - აღნიშნა ალან პილომ, EBRD-ის პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე