ხუთ საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის თანადაფინანსებით, 5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილია 3 თხილის და 2 ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში დაინერგოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000. დღეს გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშირისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს თანადაფინანსებას უზრუნველყოფენ.

ხელშეკრულებას ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის დირექტორმა ლუიზა მანიჩეიშვილმა, საკონსულტაციო კომპანიების და საწარმოების დირექტორებმა მოაწერეს. დახმარება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას, ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას. შეთანხმების მიზანია გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციალის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

”მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 12 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო 3 310 518 დოლარი, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით $ 3 839 482 - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება.