გიორგი კვირიკაშვილი BP-ის აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი BP-ის აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლის შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამუშაო საუზმეზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა “ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) საინვესტიციო პროექტებზე, წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მათივე განმარტებით, ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის“ პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და კასპიის ზღვაში მდებარე „შაჰ დენიზი 2“-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმს“ საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ გაზსადენში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ვისაუბრეთ ისტორიასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მათ, ვინც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან ჩვენ ენთუზიაზმით ვართ განწყობილი ამ მიმართულებით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დედლიმ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.