ეროვნული საშენი მეურნეობის ინკუბატორში პირველი კაკბები გამოიჩეკნენ

ეროვნული საშენი მეურნეობის ინკუბატორში დღეს პირველი კაკბები გამოიჩეკნენ.

ინფორმაცია ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ინკუბატორში ადგილობრივი გარეული ფრინველების ჯიშების გამოყვანა იანვრიდან დაიწყეს.

,,შესაბამისად გაკეთდა ვოლიერები. შემოვიყვანეთ სადედე ეგზემპლარები”, - აღნიშნავს რევაზ ბეჟაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 46 კაკაბი გამოიჩეკა. ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორის თქმით, გარეული ფრინველის კვერცხების საერთო რაოდენობა კაკბის შემთხვევაში -400, კოლხური ხოხბის შემთხვევაში კი 128 ცალია.

რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, დაახლოებით 2 კვირაში ინკუბატორში ხოხბის გამოჩეკვასაც ელოდებიან.

,,უახლოესი ორი თვე ველოდებით კაკაბისა და ხოხბების გამოჩეკვას. მომდევნო პერიოდში კი უკვე გნოლიც შემოგვემატება. გეგმაში გვაქვს, რომ მათგან რამდენიმე ასეული წყვილი ჩამოვაყალიბოთ, რათა შევძლოთ მიწოდება შესაბამისი ტერიტორიებისთვის. საბედნიეროდ, ეს ჯიშები ჯერ გადაშენების პირას არ არის, მაგრამ აღნიშნული სახეობები ბევრი ადგილიდან გაქრა”, - ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი გარეული ფრინველების გარემოში, დაცულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარე ფართობებზე გაშვებაა დაგეგმილი. რაც შეეხება შესყიდვას, ამით შესაძლოა ლიცენზირებული სამონადირეო მეურნეობები დაინტერესდნენ.

ქრისტინე გამთენაძე