ბარათაშვილის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ რამდენიმე დღით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

”დღეს, 00:00 საათიდან - 15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, დადაბლდა ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. უნდა დაიგოს ასფალტის ზედა ფენა”, - ნათქვამია განცხადებაში.