ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმროს აღჭურვილობის“ გამოფენა გაიხსნა

ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმროს აღჭურვილობის“ მე-9 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI 2016 გაიხსნა. გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიების, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენაში 7 ქვეყნის - თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, სომხეთის, პოლონეთის, ჩინეთისა და საქართველოს 60-მდე კომპანია მონაწილეობს.

გამოფენა გახსნეს აჭარის მთავრობის წევრებმა და აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის, ქვემო სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლებმა. როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტურისტული გამოფენა ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას.

„ძალიან პოპულარული და წარმატებული გახდა ჩვენი ტურისტული გამოფენა. მნიშვნელოვანია, მეზობელი რეგიონებიდან ტურისტული სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობაც. ეს ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას და ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას. აქ წარმოდგენილია როგორც აჭარის რეგიონები, ასევე, სვანეთი, რაჭა, გურია და სხვა კუთხეები, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

EXPO BATUMI 2016- ის მსვლელობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და პრეზენტაციები. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 15 მაისს ოფიციალურად დაიხურება.