საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში ტურისტული სეზონის პერიოდში უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას

ტურისტული სეზონის პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას. შესაბამის ინფორმაციას ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან შევა ძალაში და მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.

ალბანეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ალბანეთში ვიზიტისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ პასპორტი იქნება საკმარისი.

ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვაა - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოსთან ერთად, ალბანეთმა უვიზო რეჟიმი საუდის არაბეთისთვის, ყატარისთვის, რუსეთსა და ბელორუსისთვის შემოიღო.