არაბი ბიზნესმენები საქართველოდან ექსპორტით დაინტერესდნენ

არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესწრეების წარმომადგენლები საქართველოდან ექსპორტის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმროში თბილისი Marriot მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა სექტორიდან 25 ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე ქართულმა კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის გაცნობასთან ერთად არაბულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, ბიზნესმენები პირველ რიგში ქართული პროდუქციის დუბაიში ექსპორტით დაინტერესდნენ. ქართულმა მხარემ არაბ ბიზნესმენებს მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური წყლის და საკვები პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობები შესთავაზეს.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად ვითარდება. ეს აისახება ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ვაჭრობაზე. მისასალმებელია საქართველოში ნაწარმოები პროდუქციით კონკრეტული არაბული კომპანიების დაინტერესება. ამ შემთხვევაში განიხილება არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, საქართველოში დამზადებული წვენები, გაზიანი და მინერალური წყლები, ასევე კვებითი პროდუქცია. არაბი ბიზნესმენები დაინტერესდნენ საქართველოში წარმოებული მურაბებით, ჯემებით და ზოგადად, ქართული ხილით და ბოსტნეულით. მათ ყველა არსებული საწარმო ადგილზე დაათვალიერეს და საექსპორტო პოტენციალის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან კონკრეტული ინფორმაციაც მიიღეს. დღევანდელი დღე დაეთმობა ქართულ კომპანიებთან შეხვედრას და ორმხრივი მოლაპარაკებების წარმართვას, რათა მომავალში კონკრეტული პროექტები და ვაჭრობის კონკრეტული მაგალითები ვიხილოთ", - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესდელეგაციის შემადგენლობაში არიან დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi-ის წარმომადგენლები. სავაჭრო ქსელი საქმიანობას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ახორციელებს და 35 საერთაშორისო ბრენდსა და 3000-ზე მეტ სასაწყობო პუნქტს აერთიანებს. საქართველოს ასევე ესტუმრა არაბული კომპანიის Barakat Veg. & Fruits Co. L.L.C, წარმომადგენლები, რომელიც ნატურალური წვენების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და საემიროებში ბოსტნეულის რეალიზატორია. დელეგაციის წევრი მესამე კომპანია კი Emirates Macaroni Factory მაკარონის უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოდგენილია აზიის 20-მდე ქვეყანაში.