„აჭარანეტი“ გამოსავალს ეძებს

პროვაიდერების მხრიდან გასართობი საიტის adjaranet.com-ის შეზღუდვის შემდეგ, ალტერნატიული ვებგვერდი შეიქმნა, სადაც ყველა ის სადავო ფილმია განთავსებული, რის აღებასაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ითხოვს. მარეგულირებლის გარდა, adjaranet.com-ის აუდიოვიზუალური მასალის ლეგალიზაციას ითხოვენ ტელევიზიები: "პირველი არხი", "ჯიდიესი", "იბერიატვ", ასევე კინოთეატრები.

როგორც აღმოჩნდა, მარტო "აჭარანეტის" წინააღმდეგ არაა მიმართული ეს კამპანია. მსგავსი მოთხოვნები მარეგულირებელში სხვა საიტების მიმართაც შევიდა და მათ დაუშვებლად მიჩნეული აუდიოვიზუალური მასალების აღება დაიწყეს ვებგვერდებიდან.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ დაემორჩილა „აჭარანეტი“და მარეგულირებელმაც ბერკეტად პროვაიდერები გამოიყენა. ამ ეტაპზე "სილქნეტის", "მაგთის" და "კავკასუს ონლაინის" მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ წვდომა ვებგვერდზე adjaranet.com. კომპანიები მოქმედებენ მარეგულირებელი კომისიის მიერ განსაზღვრული სანქციების ფარგლებში და აღნიშნულ საიტზე წვდომას აღადგენენ Adjaranet.com-ის მხრიდან აუდიოვიზუალური მასალის განთავსებაზე უფლებების მოპოვებისთანავე.

პროვაიდერების მიმართ გამოხატულმა პრეტენზიამ სოციალურ ქსელში პიკს მიაღწია. თუმცა, არცერთი მათგანი მხარეს არ წარმოადგენს. დავის მხარეები დღეს არიან, ერთი მხრივ, „აჭარანეტი“ და მეორე მხრივ, მაუწყებლები და კინოთეატრები.

თითქოს ცნობილია, რა გზებით უნდა იაროს ქვეყანამ. საქართველოში ფუნქციონირებს მარეგულირებელი კომისია, საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია, კეთილსინდისიერი ბიზნეს კომპანიები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახადონ ის კინოპროდუქცია, რაც მთელ მსოფლიოშია რეიტინგული და ლიცენზირებული პროდუქციის დანერგვისთვის აქტიურად იბრძვიან.

თავის დროზე არალიცენზირებული პროგრამების ამოღების პროცესი ქართული სამაუწყებლო კომპანიებისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო. ქართული ბაზრისთვის ტელეპროდუქციის კანონიერად ჩვენების უფლებების მოპოვებისათვის მათ მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მაინც შეძლეს და დღეს გარანტირებულ კონტენტს აწვდიან მომხმარებელს. როგორც სატელევიზიო მაუწყებლები, ისე საკაბელო ტელევიზიები, მათ შორისაა "სილქნეტიც" და "კავკასუს ტვ"-იც.

„აჭარანეტისთვისაც“ ცნობილია, რომ ასე დიდხანს ვერ გასტანს და მოუწევს ბაზრის ლეგალურ თამაშებს აჰყვეს. პროცესი დაწყებულია და პირველი სერიალი, რომელიც Adjaranet.com-იდან იქნა აღებული, „სამეფო კარის თამაშებია“. მისი ჩვენების უფლება საქართველოში ერთ-ერთ სატელევიზიო მაუწყებელს გააჩნია.

მნიშვნელოვანია, თუ ერთიან რეგულაციაში მოექცევა ბაზრის ყველა მოთამაშე, რომ უსამართლობის შეგრძნება არც მაუწყებლებს, არც პროვაიდერებს და არც მომხმარებლებს არ დარჩეთ. მართალია, ამ შემთხვევაში უფასო ვეღარ იქნება კონტენტი და კეთილსინდისიერებასაც დაედება ფასი.

უკვე გაცხადდა, რომ ოპერატორები „სილქნეტი“ და „მაგთი“, ასევე სატელევიზიო მაუწყებლები - "პირველი არხი", "ჯიდიესი" და კინოთეატრებიც უახლოეს მომავალში არალიცენზირებულ კონტენტთან ბრძოლისთვის ასოციაციის შექმნას გეგმავენ. სწორედ ასოციაციის მეშვეობით მოხდება მომხმარებლების უფლების - ისარგებლონ ხარისხიანი აუდიო-ვიზუალური პროდუქციით - მაქსიმალურად ეფექტიანად დაცვა, ასევე ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

(R)